400 ლარის ქრთამის აღების ბრალდებით სოფელ ორულოს გამგებელი დააკავეს
400 ლარის ქრთამის აღების ბრალდებით სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ორულუში მურთაზ წურწუმია დააკავეს – ამის შესახებ „კვირას“ ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ განუცხადა.
მისი თქმით, მურთაზ წურწუმია ყალბი ცნობის გაცემის გამო დააკავეს. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ორულუში მურთაზ წურწუმიამ გალის რაიონიდამ ერთ-ერთ მოსახლეს პირუტყვის გასხვისების ცნობა 400 ლარის სანაცვლოდ მისცა. კანონით, მურთაზ წურწუმიას უფლება აქვს, ასეთი ცნობა მხოლოდ სოფელ ორულოში მცხოვრები პირების მიმართ გასცეს, სხვა შემთხვევაში კი ეს კანონის დარღვევა და შესაბამისად დანაშაულია“, – აღნიშნა ზუგდიდის მინიციპალიტეტის გამგებელმა.
მისი თქმით, მურთაზ წურწუმია სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. საკითხის გასარკვევად „კვირა“ შს სამინისტროს დაუკავშირდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მურთაზ წურწუმიას ბრალად ქრთამის აღება ედება, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლი ითვალისწინებს.