ილია მეორე: მწუხარების დროს, ჩვენ დავინახეთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდობის ერთსულოვნება

საქართველოს საპატრიარქომ 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული ენუქიძეების მრავალშვილიან ოჯახს სამოთახიანი ბინა გადასცა. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბრძანა, ბოლო დღეებში საქართველოს დიდი მწუხარება ეწვია.
“მე მინდა, გავიხსენო ძველი აღმოსავლური გამოთქმა, “მწუხარებავ, შე საწყისი ხარ სიხარულის, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარების. მწუხარების დროს, რომელიც ბოლო დღეებში გვეწვია საქართველოს, ჩვენ დავინახეთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდობის ერთსულოვნება. ჩვენი ხალხი არ იშურებს არაფერს იმისთვის, რომ დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს”, – განაცხადა პატრიარქმა.
მისივე თქმით, არის ერთი ცნობილი ოჯახი, ჯულიეტა ხოფერიას ოჯახი, რომლის შვილიც აქ ცხოვრობს. მან საპატრიარქოს საჩუქრად ბინა გადასცა, საპატრიარქომ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ბინა დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს. პატრიარქის განცხადებით, ეს ბინა მდებარეობს ჭავჭავაძის პროსპექტზე და ერთ-ერთი საუკეთესო ბინაა თბილისში. “მე მოხარული ვარ, რომ ბავშვები გაიზრდებიან ამ ბინაში და ექნებათ თავშესაფარი. ჩვენმა დედებმა ასევე მოამზადეს ხუთი კომპლექტი ლოგინი, ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პირველი უნდა შევიდეს ამ ბინაში თქვენთან ერთად. პირველი ხარჯებისთვის მოგიმზადეთ 1000 ლარის სახარჯო ფული”, – მიმართა პატრიარქმა ოჯახის წევრებს. ამის შემდეგ ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს სთხოვა, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა, ოჯახისთვის გასაღები მას გადაეცა.
ცნობისთვის: ოჯახი წყნეთის ხევში ცხოვრობდა და სტიქიის დროს ოჯახის უფროსი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები