დაკარგული ბექა ბუთურიშვილის დედა: მანქანა ამ დილით ვიპოვეთ, ამოტრიალებული…
34 წლის ბექა ბუთურიშვილი ერთ–ერთია იმ ადამიანთა შორის, რომლებიც დღემდე დაკარგულად ითვლებიან.
ბუთურიშვილი 13 ივნისს დატრიალებული სტიქიის დროს, საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მასთან კავშირი კი 00:30 საათიდან უკვე შეუძლებელი გახდა.
როგორც სოციალურ ქსელში ნუთურიშვილის დედა ნინო ჩიქოვანი წერს, ბექა ბუთურიშვილის ავტომობილი ამობრუნებული იპოვეს.
“ვიცი, ყველას გაინტერესებთ, ჩემო მეგობრებო. მანქანა ამ დილით ვიპოვეთ, ამოტრიალებული… ვაგრძელებთ ძებნას ღვთის შეწევნით. დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისა და გამხნევებისთვის. იხარეთ ყველამ. აქვე მინდა იმ ოჯახებს მივუსამძიმრო, ვისი წევრებიც დაიღუპნენ… მიყვარხართ ყველა”, – წერს ნინო ჩიქოვანი.
ბექა ბუთურიშვილის გაუჩინარების შესახებ კომენტარს აკეთებს მისი ძმა, ლაშა ბათურიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ბექა იმ ღამით, მეგობრებთან შესახვედრად მიდიოდა.
„მეგობრები ელოდებოდნენ იმ ღამით. ცოტა რომ დააგვიანდა, მეგობრებმა მოსაკითხად დაურეკეს. 42 წუთის შემდეგ ბექას ტელეფონი უკვე აღარ პასუხობდა. იმის მერე ბექა აღარ ჩანს“, – ამბობს ლაშა ბათურიშვილი.
13 ივნისს, უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარემ ვერეს ხეობა მთლიანად დატბორა. ასევე წყლით დაფარა ვაკე– საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზაც. იქ მოძრავი ავტომობილები კი წყალმა წაიღო და ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიამდე ჩაიტანა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპული 19 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, სამი კი დაკარგულად ითვლება, რომელთა შორის ბექა ბუთურიშვილი, სერგი კაპანაძე და ელიზბარ ბაღაშვილი არიან.