დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტობას აპირებს
ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებში აშშ-ს პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას აპირებს. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ტრამპმა საკუთარ შტაბ-ბინაში განაცხადა.
„ჩვენს ქვეყანას დიდი ლიდერი აკლია, რომელმაც უნდა გაზარდოს აშშ-ს ბრენდი და ის ისევ დიად სახელმწიფოდ აქციოს“, – განაცხადა ბიზნესმენმა. მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც აშშ-ში საუკეთესო სამუშაო ადგილებს ქმნის. მე თქვენ დასაქმებას გთავაზობთ და თქვენ ფულს დაგიბრუნებთ“, – აცხადებს ტრამპი.
საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების შესახებ დონალდ ტრამპმა პირველად განაცხადა, თუმცა პრეზიდენტად მისი კანდიდატურის დასახელების შესახებ ჭორები მედიაში ადრეც გავრცელებულა. ტრამპი პრეზიდენტად კენჭისყრას „რესპუბლიკური პარტიიდან“ აპირებს. ჟურნალი „ფორბსი“ ტრამპის ქონებას 4.1 მილიარდ დოლარად აფასებს. თავად ბიზნესმენმა კი, როგორც შეერთებული შტატების ოფიციალურმა კანდიდატმა, განაცხადა, რომ მისი ქონება 8, 74 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.