ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ერთთვიანი საჯარო დისკუსია გაიხსნა
„ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის მიზნით იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.
უწყების ინფორმაციით, ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. მათი მიზანი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც. სწორედ ამ ცვლილებების მიღების პირობებში უნდა მოახდინოს საქართველოს პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია, რომელსაც 2014 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად სტრასბურგში მოაწერა ხელი. სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია უმნიშვნელოვანესი პროგრესი იქნება საქართველოს ევროპულ გზაზე.
“შესაბამისად, შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებიც მნიშვნელოვანი და მასშტაბურია. მათთან დაკავშირებით სერიოზული კონსულტაციები გაიმართა იუსტიციის სამინისტროსა და სხვა ძალოვან სტრუქტურებს, მათ შორის, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ის მოიცავს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით არასასურველ კომუნიკაციას, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს მუქარას ან შეურაცხყოფას მსხვერპლის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ და აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. მაქსიმალურ სასჯელად ამ ქმედებისათვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება. აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად განიხილავს, დასჯადი ხდება სტერილიზაციის იძულება.
იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.
ცვლილებების პაკეტი უფრო ეფექტურს ხდის ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვისა და დახმარების მექანიზმებს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო ფართოვდება. ის მოიცავს არა მარტო ოჯახის წევრ ქალთა მიმართ, არამედ, საზოგადოდ, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც. ქალი დაცული იქნება არა მხოლოდ ოჯახურ სივრცეში, არამედ ოჯახის მიღმაც. კერძოდ, თუკი დღევანდელი რედაქციით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში კი ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლზეც. ძალადობის მსხვერპლი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა. სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია.
ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებას აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი დანაშაულის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით, ვალდებული იქნება, ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.
ფართოვდება სამედიცინო პერსონალისა და ადვოკატის უფლებამოსილებაც − ძალადობის ფაქტების შესახებ აცნობონ სამართალდამცველებს, რაც ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში იმოქმედებს. დღევანდელი კანონმდებლობით, ეს დათქმა მხოლოდ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთან მიმართებაში არსებობს. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია, სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. ამის შესაძლებლობა ექნებათ საჯარო სკოლების მასწავლებლებს, დირექტორებს, მანდატურებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს. ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირება შეეძლებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც. ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან ეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება; ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში, მას იარაღი ჩამოერთმევა. ცვლილებების თანახმად, ეს ნორმაც ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაში იმოქმედებს და მხოლოდ ოჯახურ დანაშაულზე აღარ გავრცელდება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის სტამბულის კონვენციასთან, რომლის მიზანია, დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, განახორციელოს პრევენცია, გამოიძიოს და აღმოფხვრას ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და ოჯახში ძალადობა, ხელი შეუწყოს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას. კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. იქმნება ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედებათა განხორციელებასთან დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ წინამდებარე კონვენციის ცხოვრებაში გატარებას. სტამბულის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, ეროვნულ კანონმდებლობაში უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც ქორწინების იძულებასა და ნაადრევ ქორწინებას არეგულირებს. „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენცია 2011 წლიდან მოქმედებს. საქართველო კონვენციას 2014 წელს შეუერთდა“,-აღნიშნავენ იუსტიციის სამინისტროში.