სომხური სათვისტომო სომხური ეპარქიისგან ჩამორთმეული ქონების რესტიტუციას ითხოვს
საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები საბჭოთა პერიოდში სომხური ეპარქიისგან ჩამორთმეული ქონების რესტიტუციას ითხოვენ. სათვისტომოს წარმომადგენლები ამის შესახებ გაერო-ს წარმომადგენელს ესაუბრნენ.
საქართველოს სომეხი საზოგადოება გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვს გუშინ, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში “ჰაიარტუნ” შეხვდნენ.
შეხვედრა გაიმართა თემაზე “საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა უფლებების მდგომარეობის ანალიზი გაერო-ს ადამიანის უფლებათა ორგანოების პრიზმის მიღმა”.
“ვლადიმირ შკოლნიკოვმა აუდიტორიას წარუდგინა საქართველოს ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს ორგანოების მიერ გაკეთებული რეკომენდაციები. ამასთან, ის შეეხო რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას, ადამიანის უფლებათა ყოვლისმომცველი ანგარიშის წარდგენისას (უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა) სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან წარედგინა. სტუმარმა აღნიშნა, რომ როგორც გაეროს ორგანოების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ხელისუფლებას წარედგინა რეკომენდაცია, რათა მან რელიგიური უმცირესობებისგან საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხს მიაქციოს ყურადღება. შკოლნიკოვის თქმით, სახელმწიფო პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა რეალიზების უზრუნველყოფაზე. ამასთანავე, გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანოების პოტენციალის ეფექტური გამოყენებისთვის სამოქალაქო საზოგადოება უნდა აქტიურობდეს და ინიციატივებს ავლენდეს”, – ნათქვამია ცენტრ “ჰაიარტუნის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე თქმით, “საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენელთა მხრიდან დაისვა საბჭოთა პერიოდში სომხური ეპარქიისგან ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში სომხურენოვანი სკოლების სისტემატური დახურვისა და პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებული საკითხები”.