სარფის საბაჟოზე მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოავლინეს
საბაჟო – გამშვებ პუნქტ „სარფზე“ დიდი რაოდენობით მედიკამენტების უკანონო შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ე.კ., რომლის კუთვნილი ბარგის შემოწმებისას მებაჟე ოფიცრებმა 353,2 ლარის ღირებულების 1,6 კგ სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს. მოქალაქეს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით 1000 ლარი ფულადი ჯარიმა და საქონლის ჩამორთმევა შეეფარდა. 5472,5 ლარის ღირებულების 5,5 კგ სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე ჯ.კ.-ის ბარგში, ხოლო ასევე თურქეთის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ნ.ბ.-ის ბარგში 14 კგ სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 9005,94 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ორივე პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 5472,5 და 9005,94 ლარი.