დავით უსუფაშვილი: ჩვენ შეგვიძლია გაჭირვების და ტრაგედიის დროს გვერდში დგომა

პარლამენტის თავმჯდომარე წყალდიდობის შედეგად მომხდარი სტიქიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. დავით უსუფაშვილი საბურთალოს გამგეობაში გამართულ ოპერატიულ თათბირს დაესწრო და მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა. რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალზე, დაზარალებული მოსახლეობის სხვადასხვა საცხოვრებელ ადგილებზე განსახლებასა და საკოორდინაციო შტაბის მიერ გატარებული ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გამგეობამ ყველა დაზარალებული მოსახლის ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი ოპერატიულად მოაგვარა და ამ ეტაპისთვის საბურთალოს რაიონში აღნიშნული პრობლემა უკვე მოგვარებულია. მისივე განცხადებით, სახიფათო ზონის ფარგლებში საცხოვრებელი ბინებიდან ევაკუაციაზე უარს მხოლოდ ხუთი ოჯახი აცხადებს და მათთან გამგეობა კონსულტაციებს აქტიურად აგრძელებს. აღნიშნულ პრობლემის მოგვარებაში პარლამენტის თავმჯდომარემ უშუალოდ ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ იგი მზად არის პირადად შეხვდეს და დაარწმუნოს სახიფათო ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის აუცილებლობაში.

გამგეობაში გამართული თათბირის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ზოოპარკის და გმირთა მოედნის აღდგენითი სამუშაოები დაათვალაიერა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის შექმნილ საგანგებო შტაბის სხდომას დაესწრო. თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა და სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მას შემდეგ რაც ეს ტრაგედია მოხდა, მასზე რეაგირება იყო ყველაზე უფრო ეფექტური და სწორი რაც შეიძლებოდა ყოფილიყო – სწრაფად მოხდა კოორდინირება მერიის და მთავრობის სხვადასხვა სამსახურების მიერ და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, თბილისელებმა და მოხალისეებმა სერიოზული დახმარება გაუწიეს ქალაქს და ერთმანეთს. ამით მოხერხდა ის, რომ ამ წუთის მდგომარეობით ყველას ვისაც ესაჭიროება თავშესაფარი, არის უზრუნველყოფილი, ხდება მათი გადაყვანა სხვადასხვა ადგილებზე. ამის თაობაზე საბურთალოს გამგეობაში გამართულ შტაბის სხდომაზე აღინიშნა. ტრაგედიის შემდგომი რეაგირება სახელმწიფო სტრუქტურების და ცალკეული ადამიანების მიერ იყო მკაფიო მაგალითი იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია გაჭირვების და ტრაგედიის დროს გვერდში დგომა და თანადგომა. მე ვისურვებდი, რომ ასეთივე თანადგომით გავაგრძელოთ ცხოვრება წინ, იმისთვის რომ მსგავსი ტრაგედიების მასშტაბები შემცირდეს და უკეთესი სტანდარტები დავნერგოთ ჩვენივე თანამოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა განვითარებას საჭიროებს, მაგრამ აუცილებელია გააზრება რათა მსგავსი მასშტაბის ტრაგედიები აღარ განმეორდეს. ვუსამძიმრებ ყველას ვინც დაკარგა ახლობელი და მინდა ვისურვო რომ მეტი ტრაგედია აღარ დაგვჭირდეს იმისთვის რომ ავწიოთ სტანდარტები, როგორც მშენებლობის, ასევე დაგეგმარების და გამაგრების სამუშაოების, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უკეთესი მოვლა და სათანადო მოპყრობა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მიიმართება.

„მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების თაობაზე საპარლამენტო დონეზე მოსმენები გაიმართება და ასევე მოხდება გამომწვევი ფაქტების დადგენა. ჩვენ შევძლებთ გამოვნახოთ ფინანსური რესურსი, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს და დაზარალებულ მოქალაქეებს მოხმარდება“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები