ბორის ნემცოვის შვილი მამის სახელობის ფონდს ქმნის
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის შვილმა ჟანა ნემცოვამ მამამისის სახელობის ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე ნემცოვის თანაგუნდელმა, პარტია „რპრ-პარნასის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ილია იაშინმა განაცხადა.
„ჟანამ პოლონეთში Freedom Awards-ის პრემია მიიღო, რომელიც გარდაცვალების შემდეგ მამამისს მიანიჭეს. ამის მერე მან ბორის ნემცოვის ფონდის შექმნის შესახებ განაცხადა“, – დაწერა იაშინმა „ტვიტერში“.
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ჟანა ნემცოვამ რუსეთი მუქარის გამო დატოვა. ასევე „თაიმსთან“ ინტერვიუში მან ბორის ნემცოვის მკვლელობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა კრემლს დააკისრა.
ბორის ნემცოვი 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლის სიახლოვეს მოკლეს. კილერმა მას პისტოლეტიდან ოთხჯეს ესროლა.