ქუთაისის სტადიონზე დაკავებულები დაჯარიმდნენ
ქუთაისის სტადიონზე მომხდარი ჩხუბის დროს დღეს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ „ტორპედოს“ 25 გულშემატკივარი დააჯარიმა.
ადმინისტრაციული სახდელი “ტორპედოს” იმ გულშემატკივრებს დაეკისრათ, რომლებიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ხულიგნობის მუხლით სტადიონზე აიყვანეს.
მოსამართლემ ჯარიმის ოდენობა ინდივიდუალურად დაადგინა, თანხა 200-დან 500 ლარამდეა. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შორის ჩაიშალა. მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც “დინამო თბილისი” სტუმრად ქუთაისის “ტორპედოს” 2:0 ამარცხებდა, ინციდენტი მოხდა. ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი სტადიონზე ჩავიდნენ და “დინამოს” ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.