გაეროს ბავშვთა ფონდი („იუნისეფი“) მიესალმება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს პარლამენტის მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დამტკიცების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაეროს ბავშვთა ფონდი („იუნისეფი“) მიესალმება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას. „კვირა“ გაეროს ბავშვთა ფონდი ს(„იუნისეფის“) მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გაეროს ბავშვთა ფონდი („იუნისეფი“) მიესალმება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას, რაც შედეგია საქართველოს მთავრობას, ევროკავშირსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობისა. საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოა. კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს შეიმუშაონ და განახორციელონ მართლმსაჯულების პოლიტიკა, სადაც სრულად იქნება გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები კი ნიშნავს სამართალდამრღვევ ბავშვებთან მიმართებით უპირატესობა რეაბილიტაციასა და ლიბერალურ მიდგომებს მიენიჭოს. აღნიშნული სრულ შესაბამისობაშია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებთან.

ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მიმართ დამოკიდებულება უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ღირსებისა და პატივის სრულ დაცვას, ბავშვების მიერ სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას, ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკს და ხელს უწყობდეს მის საზოგადოებაში ინტეგრაციას. ბავშვები განსხვავდებიან უფროსებისაგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, ემოციური და საგანმანათლებლო საჭიროებებით და ეს გათვალისწინებული უნდა იქნას მართლმსაჯულების სისტემაშიც. საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოებისგან მოითხოვს გაითვალისწინოს დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების განსაკუთრებული საჭიროებებიც და მართლმსაჯულების სისტემაში მათი დაცვის აუცილებლობა. საერთაშორისო სტანდარტები ასევე მოუწოდებს სახელმწიფოებს მსხვერპლ და მოწმე ბავშვებს აღმოუჩინონ იურიდიული დახმარება და გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები ყველა საკითხის განხილვისას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი რეკომენდაციას უწევს დამოუკიდებელ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემას, ბავშვთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას და ავალდებულებს კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებს, შეიმუშავონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების დამოუკიდებელი პოლიტიკა, კანონმდებლობა და სისტემა.

საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესბამისობაში მოყვანის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით შეიმუშავა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. კოდექსი კომპლექსური დოკუმენტია და მოიცავს საკითხებს, რომლებიც ეხება კანონთან კონფლიქტში მყოფ და დანაშაულის მსხვერპლ ან მოწმე ბავშვებს ისევე, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაში მონაწილე ბავშვებს. კოდექსი აწესებს არასრულწლოვანთათვის ახალ მიდგომას, რომელიც ეფუძნება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციას, მათ მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას და სრულ შესაბამისობაშია ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან. ეს ნიშნავს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში მათ მიმართ არა სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენებას, არამედ უფრო ჰუმანური და ადეკვატური ზომების მიღებას. სისხლის სამართლის სფეროს პროფესიონალების სავალდებულო სპეციალიზაცია; თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და შეძლებისდაგვარად მოკლე დროის განმავლობაში; ალტერნატიული ზომების ფართო სპექტრი; განრიდება და აღდგენითი მართლმსაჯულება; კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების, ისევე როგორც დანაშაულის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მიმართ ინდივიდუალური მიდგომა – თანამედროვე და ბავშვისადმი კეთილგანწყობილი კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი კომპონენტებია.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელება საკმაოდ რთული პროცესია და ითვალისწინებსკანონქვემდებარე აქტების და პროფესიონალებისათვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას, სხვადასხვა მექანიზმის შექმნას და მართლმსაჯულების სფეროსა და სხვა დარგის პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას.

გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას კოდექსის განხორციელების პროცესში რეკომენდაციებისა და კონსულტაციების საშუალებით, რათა მოხდეს ადამიანური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები