„ნარკოტიკული კუთხით საკანონმდებლო ლიბერალიზაცია ნარკოტიკის მოხმარებას გაზრდის“

„ნარკოტიკული კუთხით საკანონმდებლო ლიბერალიზაცია ნარკოტიკის მოხმარებას გაზრდის. ეს კი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად სეგმენტს – ახალგაზრდებს და მოზარდებს შეეხებათ. ჯამში მივიღებთ იმას, რომ ამით ნარკოეპიდემიის რისკი დადგება“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ გააკეთა.

კილაძის განცხადებით, მსოფლიოში არსებული სტატისტიკის მიხედვით, მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებლების 60% მძიმე ნაროტიკზე გადადის. მისი თქმით, მომხმარებელი, როგორც წესი, მსუბუქი ნარკოტიკით იწყებს. მანვე აქცენტი იმ საშიშროებებზეც გააკეთა, რაც შესაძლოა, ნარკოტიკული ნივთიერების გავლენის ქვეშ მყოფმა პირმა საზოგადოებას მოუტანოს.
„ მოთხოვნები ძალიან პოლიმორფულია, დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა ფიგურირებს, მაგრამ პარალელურად რამდენიმე მიმართულებით განსხვავებული მოთხოვნები ფიგურირებს, რომლებიც კანონმდებლობის ლიბერალიზაციას და იგივე მარიხუანის ლეგალიზაციას უკავშირდება. ზოგადად, დეკრიმინალიზაციის მიმართულება, ჩემი აზრით, დღეს „ღია კარის“ მტვრევას წააგავს იმდენად, რამდენადაც დღეს არსებული სტატისტიკის მიხედვით დინამიკა ყოველთვიურად ნარკოტიკებზე დამოკიდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პაციენტების ჩართულობისა მცირდება. ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ დღეს რეალურად არ არის იმის ტენდენცია, რომ მომხმარებელი დააკავონ. ეს ხდება, მაგრამ არა მასობრივად. მაგალითად, საფრანგეთში ძალიან მკაცრი ანტინარკოტიკული კანონებია მიღებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მომხმარებელი მიდის ციხეში.
რაც შეეხება ადამიანების განცხადებას, რომ ისინი ნარკოტიკის მიღებით ზიანს არავის აყენებენ, მე მინდა ვკითხო მათ, სად გადის ზღვარი ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას და საზოგადოების უსაფრთხოებას შორის? განსასაზღვრია ის, თუ რამდენად უსაფრთხოა საზოგადოებისთვის ნარკოტიკმიღებული ადამიანი. კი, ბატონო, მე ერთი ადამიანი მივიღებ ნარკოტიკს და შეიძლება დავჯდე სახლში და გავერთო, მაგრამ, რამდენად უსაფრთხოა ის საზოგადოებისთვის, როცა მე და ბევრი ჩემნაირი ამას იზამს? ყველა სახლში დაჯდება და არავინ არ მიუჯდება ავტომობილის საჭეს? არავინ არ გამოხატავს აგრესიას? ამის პასუხისმგებლობებს ვინ აიღებს თავის თავზე? ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც ლიბერალიზაცია მოხდა, დღეს უკვე სერიოზული პრობლემა აქვთ“, – აღნიშნა ლაშა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები