ბარათაშვილის ხიდზე დღეიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

დღეიდან ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოების პერიოდში მოძრაობა გარკვეულწილად შეიზღუდება როგორც ხიდის ზედა მხარეს, ასევე ქვეშ გასავლელ ნაწილში და მოძრაობა სამუშაო პროცესიდან გამომდინარე ეტაპობრივად გადაიკეტება.
მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ დაათვალიერეს.
როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხიდზე მძიმე მდგომარეობაა. მისივე თქმით, ხიდზე მოცულობით სამუშაოები ჩატარდება, თავიდან ბოლომდე შეიცვლება ხიდის ის ძირითადი კონსტრუქციები, რაც მის მდგრადობასა და დაცვას უზრუნველყოფს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ხიდს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.
პროექტი ითვალისწინებს ბარათაშვილის ხიდის სავალი და საფეხმავლო ნაწილის შეცვლას, ასევე მიწისქვეშა გადასვლელების სრულ რეაბილიტაციას. ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 250 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, ხელახლა გაკეთდება ჰიდროიზოლაცია, მოეწყობა ახალი ტორტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “ენ სი სი” აწარმოებს. პროექტის თანახმად, რეაბილიტაციის ვადად განსაზღვრული 220 დღეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები