აზერბაიჯანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავსტრიელი სპორტსმენი დაშავდა – ვიდეო
ავსტრიელმა სპორტსმენმა ვანესა სახინოვიჩმა, რომელიც სინქრონულ ცურვაში მონაწილეობდა, სერიოზული ტრავმები მიიღო. მას და კიდევ ორ ავსტრიელ სპორტსმენს ოლიმპიურ სოფელში ავტობუსი დაეჯახა. ინციდენტი ბაქოში ევროპული თამაშების გახსნის წინა დღეს მოხდა.
ავსტრიის ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ავტობუსი გოგონებს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი ტროტუარზე მიდიოდნენ.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, 15 წლის სინქრონულ მოცურავეს მრავლობითი მოტეხილობები და თავის ტრავმა აქვს. მეორე სპორტსმენს – ასევე 15 წლის ლუნა პაიერს ხელები აქვს დაზიანებული. ეს ორი გოგო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პირადი თვითმფრინავით ვენაში გადაიყვანეს, სადაც მათ მკურნალობა ჩაუტარდებათ. მესამე დაშავებულმა ვერენა ბრაიტმა თეძოს ტრავმა მიიღო. მან ბაქოს საავადმყოფოში ერთი საათი გაატარა და შემდეგ ოლიმპიურ სოფელში დაბრუნდა.