უფლებადამცველები სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღებას მიესალმებიან
უფლებადამცველები სასამართლო სისტემაში დისციპლინური სამართალწარმოების სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღებას მიესალმებიან,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციების: „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ , „ადამიანის უფლებები და მოვალეობები“ და „საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანების“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
როგორც „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ წარმომადგენელმა გრიგოლ გაგნიძემ განმარტა, ამ ინსტიტუტის დამკვიდრების შემდეგ სასამართლო სისტემაში ბევრად უფრო გამჭვირვალე პროცესებს ექნება ადგილი.
„ მოსამართლეები ინსპექტორის ინსტიტუტს ეწინააღმდეგებიან და ამ კონტექსტში უკვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, რაც დაუშვებელია. მოსამართლე არ არის პოლიტიკური ფიგურა. ის უნდა მოექცეს კანონის ჩარჩოებში და თავისი განცხადებებით აჟიოტაჟი არ უნდა გამოიწვიოს. ინსპექტორიის ინსტიტუტის დამკვიდრება პოზიტიური მოვლენა იქნება. არ შეიძლება სრული თავისუფლება ჰქონდეს სასამართლოს. ამ ინსტიტუტის დამკვიდრების შემდეგ გამჭვირვალე პროცესებს ექნება ადგილი. ჩვენ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს ვუჭერთ“,- აღნიშნა გაგნიძემ. თუმცა ისინი ინსპექტორის მსგავსად არ იწონებენ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს და მიიჩნევენ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფაქტობრივად შუასაუკუნეების მართლმსაჯულების აღსრულების სისტემაა, რომელიც დღესდღეობით რამდენიმე ქვეყანაშია შემორჩენილი. „ის თანამედროვე მართლმსაჯულების ეპოქას არ შეეფერება. რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების სისტემაში ხალხის ჩართულობა კარგია, მაგრამ ევროსასამართლომ და ევროსაბჭომ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ საქმის განხილვა არაპროფესიონალი მოსამართლეების მიერ ხდება. ანუ ნაფიცი მსაჯულები არაპროფესიონალ მოსამართლეებად მიიჩნევიან. ისინი არ არიან იურისტები. მათ მიერ საქმის მტკიცებულებების გამოკვლევა დეტალურად არ ხდება“, – განაცხადა გაგნიძემ.
უფლებადამცველები საარჩევნო სისტემებში ცვლილებების საკითხსაც შეეხნენ. როგორც ლაშა სტურუამ, მამუკა ტუსკაძემ და გრიგოლ გაგნიძემ განმარტეს, არასაპარლამენტო ოპოზიციისა და ორგანიზაციების მხრიდან სათანადოდ არ არის დასაბუთებული, რატომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა.