აშშ-ს კონგრესი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს, მაგრამ სამხედროებს უკრაინაში საომრად არ გააგზავნის
აშშ-ს კონგრესმა სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით უკრანისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაა შესაძლებელი. როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იუწყება, აშშ-ს მთავრობას საკანონმდებლო დონეზე უფლება ეძლევა, უკრაინას საჭიროების შემთხვევაში ნაღმმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები, ტყვია-წამალი და სარაკეტო კომპლექსები მიაწოდოს.
კანონის მიხედვით, თუ 150 მილიონი დოლარიდან 20 პროცენტი იარაღის შეძენას მოხმარდება, მაშინ ადმინისტრაციას დამატებით კიდევ 300 მილიონი დოლარი გამოეყოფა. გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ზომების მიღებისგან თავს იკავებს, ვინაიდან, მათი განცხადებით, იარაღის მიწოდების დაწყებამ უკრაინაში არსებული მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს. თავის მხრივ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეფ რატკემ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს არ დაუჭერს ამერიკის მოქალაქეების მონაწილეობას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებულ დაპირისპირებაში. რაც შეეხება ამ ადამიანების იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხს, რატკეს განცხადებით, ეს იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივაა.