დღეს 180 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს

„დღის ბოლომდე 180 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებებს დატოვებს“, – აცხადებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.
როგორც ქორიძე განმარტავს, შეწყალებული მსჯავრდებულები სხვადასხვა ტიპის დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს, შეწყალებულთა ძირითადი მასა კი, მოდის ნარკოტიკულ დანაშაულზე, ეს არის შეძენა-შენახვა-მოხმარება, ნარკოტიკული ნივთიერების კულტივირება და შემოტანა.
ქორიძე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეწყალებულთა სიაში შესაძლოა, იყოს გიორგი გვიჩიანიც.
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, მას არ აქვს უფლება, გაავრცელოს პერსონალური ინფორმაცია იმ მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს.
“მე პერსონალურ ინფორმაციას შეწყალებულ მსჯავრდებულებზე ვერ გავავრცელებ. ეს არის პერსონალური ინფორმაცია. თავად მსჯავრდებულები დღის განმავლობაშიი მიიღებენ ამ ინფორმაციას. შეწყალების აქტი, რომელიც პრეზიდენტმა გამოსცა, უკვე გადაგზავნილია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში. აღსრულება უკვე დაწყებულია. დღის ბოლომდე 180 მსჯავრდებული დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს და ვიდრე არ აღსრულდება ეს აქტი, მანამდე არ მაქვს უფლება, გავავრცელო პერსონალური ინფორმაცია იმ მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას”, – განაცხადა ქორიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ციხეს 180 დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები