Malaysia Airlines-ის თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა
ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის თვითმფრინავმა მელბურნში საგანგებო დაფრენა განახორციელა. ქალაქის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ავიალაინერის ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავი კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა. „ძრავის აალების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ“, – განაცხადა მელბურნის აეროპორტის პრესმდივანმა ანა ჯილეტმა.
მისივე თქმით, დაჯდომამდე თვითმფრინავმა მთელი საწვავი დაცალა. Malaysia Airlines-ის თვითმფრინავებს უბედურებები თან სდევთ. 2014 წლის მარტში კუალა-ლუმპურიდან პეკინში მიმავალი ავიალაინერი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და მისი მოძებნა დღემდე ვერ მოხერხდა. ივლისში კი აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიმავალი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რის შედეგად მის ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.