რუსეთის ავიაგამანადგურებელმა ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის უშუალო სიახლოვეს ჩაიფრინა
რუსული ავიაგამანადგურებელი ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის სიახლოვეს რამდენიმე წუთი იმყოფებოდა. ინციდენტი შავ ზღვაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა, მაგრამ ტელეკომპანია „სი-ენ-ენისთვის“ ახლა გახდა ცნობილი. ამის შესახებ ტელეკომპანიას რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა შეატყობინა.
ამ წყაროს ცნობით, რუსული თვითმფრინავი ამერიკულ საჰაერო ხომალდს 3 მეტრით მიუახლოვდა. თავდაპირველად ორივე თვითმფრინავი ერთი კურსით მიფრინავდა, შემდეგ ავიაგამანადგურებელმა კურსი შეიცვალა და ამერიკულ მზვერავს უკან მიყვებოდა, ხოლო შემდეგ დატოვა ის ზონა, სადაც ამერიკული თვითმფრინავი იმყოფებოდა. მსგავსი ინციდენტი შავ ზღვაზე რამდენიმე დღის წინ აშშ-ს სამხედრო ხომალდს და რუსულ თვითმფრინავ „სუ-24“-ს შორის მოხდა. რუსულმა ავიაგამანადგურებელმა საესკადრო ნაღმოსან „როსს“ რამდენჯერმე შემოუფრინა, რის შემდეგ გემმა კურსი შეცვალა და რუსეთის ტერიტორიული წყლების მიმდებარე ტერიტორია დატოვა.