დღეს თბილისის საკრებულოში „განსაკუთრებული ჟურნალის“ წარდგინება გაიმართება
დღეს, 19 საათზე თბილისის საკრებულოში გაიმართება „განსაკუთრებული ჟურნალის“ პრეზენტაცია და შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება.
„12 ივნისს „განსაკუთრებულ ჟურნალს“ ერთი წელი უსრულდება. აღნიშნულ გამოცემაში დასაქმებულნი არიან შშმპ-ები, ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც სინამდვილეში განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არიან.
„განსაკუთრებული ჟურნალი“ ერთადერთი პირველი გამოცემაა, რომელმაც ამ ადამიანების დასაქმება დაიწყო და ინტეგრირებული რედაქცია შექმნა, სადაც მუშაობენ შშმ პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი, დამწყები ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები. თუმცა, „საგამომცემლო სახლი ქართულმა ელიტამ“, რომელიც „განსაკუთრებულ ჟურნალს“ გამოსცემს, მანამდე ილია ჭავჭავაძისეული გაზეთი „ივერია„ და გიორგი წერეთლისეული პირველი სალიტერატურო-საპოლიტიკო გაზეთი „დროება“ აღადგინა, ხელმეორედ გამოცემა დაიწყო, სადაც ასევე განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები (შშმ პირები) დაასაქმა, რაც ახალი პროექტების საფუძველი გახდა. თბილისის საკრებულო მასპინძლობს „განსაკუთრებული ჟურნალის“ რედაქციას, რადგან მსგავსი ინიციატივა და საქმე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის და დემოკრატიული განვითარებისთვის. „განსაკუთრებული ჟურნალის“ და თბილისის საკრებულოს ერთობლივი ღონისძიება ასევე ემსახურება იმას, რომ 14 ივნისს შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთააშორისო დღეა და საზოგადოებას შეახსენებენ ამ ადამიანების მნიშვნელობას, მათი უფლებების დაცვას და მათ ინტეგრაცია-დასაქმების აუცილებლობას სახელმწიფოს მშენებლობისთვის“,-განუცხადა „კვირას“„განსაკუთრებული ჟურნალის“ დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე თბილისის საკრებულოს შენობაში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები იქნებიან მოწვეულნი. მათ შორის ის რესპონდენტები, რომლებიც ამ ერთი წლის განმავლობაში იყვნენ ჟურნალის სტუმრები. ღონისძიებამდე განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები და დეპუტაცია გაუწევენ თანამგზავრობას და ახლად გარემონტებულ საკრებულოს შენობას დაათვალიერებინებენ და ანახვებენ შენობის ადაპტირებულობას და ხელმისაწვდომობას.