სოლიდარობის ფონდის დაარსებიდან ერთი წელი შესრულდა

ერთი წელი შესრულდა, რაც სოლიდარობის ფონდი საქართველოში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ ინიციატივამ გაამართლა და ამ კეთილ წამოწყებას, რომელიც სწორედ ხელმოკლე ოჯახების მძიმედ დაავადებული შვილების დასახმარებლად შეიქმნა, ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდა. მე ყოველთვის ვიმეორებ, რომ ჩვენი მთავრობის, ჩვენი პოლიტიკური ძალის პრიორიტეტი არის ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, მომავალი თაობა, რომლის წინაშეც ყველაზე დიდ ვალდებულებას ვგრძნობთ. ამიტომაც გამიჩნდა სურვილი პირადად, როგორც რიგით მოქალაქეს, ჩემი წვლილი შემეტანა ამ კეთილ საქმეში და ამ სახით დავხმარებოდი მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მორალური და ფინანსური მხარდაჭერა. თავიდან სოლიდარობის ფონდში, ნებაყოფლობითი დონაციების მობილიზება საჯარო სექტორიდან დაიწყო. დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს კარგი მაგალითი იქნებოდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და საერთოდ საზოგადოებისთვის, ასეც მოხდა. ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ სოლიდარობის ფონდმა რეალური პრეცედენტი შექმნა, როგორ შეიძლება საერთო ძალით, ნაწილობრივ მაინც გადაჭრა საზოგადოების წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა – ფინანსური ბარიერი მოუხსნა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობისთვის მათ ოჯახებს. ერთი წლის შემდეგ ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ამოქმედდა სოლიდარობის ფონდი, არამდე 3 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზებით 112 მძიმე სენით დაავადებული ბავშვის, 22 წლამდე ახალგაზრდისა და მათი ოჯახების დახმარება გახდა შესაძლებელი. ჩვენ ერთად მათი სიცოცხლე გადავარჩინეთ! ფონდის საქმიანობაში ჩართულია საჯარო სამსახურის 40 000-ზე მეტი თანამშრომლი, 19 კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია; ეს ის შედეგებია, რომლის მიღწევაც სოლიდარობის ფონდმა საზოგადოების, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის გვერდზე დგომით დაფუძნებიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ შეძლო. მადლობას მოვახსენებ სოლიდარობის ფონდის თითოეულ წევრს ამ დიდ საქმეში თანადგომისთვის. იმედი მაქვს, საზოგადოება კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ქველმოქმედებაში და შესაძლებელი გახდება ფონდის პროგრამების გაფართოება როგორც 22 წლის ასაკზე უფროსი ონკოლოგიური პაციენტებისათვის, ისე შეზღუდული შესაძლებლობებისა და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებისათვის. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრია ისეთი ბავშვი, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ, ვიმედოვნებ, რომ ერთიანი ძალით ჩვენ შევძლებთ შევუმსუბუქოთ და შევუნარჩუნოთსიცოცხლე ჩვენს ძვირფას პატარებს. სიკეთე გადამდებია!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები