ქებურიას ქუჩაზე გარე განათების ქსელი დაამონტაჟეს

“სინათლის ქალაქმა” ალექსეევკის დასახლებაში, ქებურიას ქუჩაზე გარე განათების ქსელი დაამონტაჟა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გარე განათების ქსელის განვითარება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოხდა. აღნიშნულ ადგილზე სულ 11 სანათი ბოძი დაიდგა. დასრულებული სამუშაოები დღეს ადგილზე “სინათლის ქალაქის” ხელმძღვანელობამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
“სინათლის ქალაქის” დირექტორის მოადგილის ვეფხვია ბაძაღუას თქმით, მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ “სინათლის ქალაქს” გარე განათების ქსელის მოწყობის თხოვნით მიმართა, მერიის მუნიციპალურმა საწარმომ სამუშაოები ოპერატიულად დაიწყო და 3 დღის განმავლობაში 350 მეტრიანი ქსელი მოაწყო; დაამონტაჟდა 11 ბოძი და 18 სანათი.
ბაძაღუას თქმით, “სინათლის ქალაქი” გარეუბნებსა და ახალ დასახლებებში განათების ქსელების მოწყობას კვლავაც განაგრძობს.
“ქებურიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში გარე განათება არასდროს ყოფილა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “სინათლის ქალაქი” გარე განათების ქსელის მოწყობას არამხოლოდ ცენტრალურ, არამედ გარე უბნებშიც ახორციელებს”, – განაცხადა, თავის მხრივ, “სინათლის ქალაქის” დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა.
ქებურიას ქუჩის მცხოვრებლებმა “სინათლის ქალაქის” ხელმძღვანელობას ქუჩის განათებისა და სამუშაოების ოპერატიულად წარმოებისთვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები