მეტეხის მიმდებარედ მოძრაობა აღდგენილია
მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე არსებულ ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ორივე მიმართულებით აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ „ხიდსაცდელი ცენტრის“ დასკვნით, აღნიშნული ობიექტი გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. კომპლექსს ჩაუტარდა სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარების, მოაჯირებისა და გზის საფარის მოწყობა (4სმ ქვედა 3სმ ზედა ფენა წვრილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სულ 2600 მ2). შეკეთდა სანაპირო და შუალედური ბურჯები.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით სამუშაოები შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“-მა განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულებამ 1 მილიონი ლარი შეადგინა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 26 მარტს დაიწყო და 26 ივნისს უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ სამუშაოები 16 დღით ადრე დაასრულა. მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდები სრულ ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა.