დამტკიცებული ეროვნული პროგრამა ნატოს დღეს წარედგინება

   საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომა გაიმართა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სხდომაზე 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) დამტკიცდა. სხდომის მუშაობაში წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი მონაწილეობდა. დამტკიცებული დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით დღესვე წარედგინება ნატოს მხარეს. მარტში, ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ნატოსთან ერთად განიხილავენ აღნიშნულ დოკუმენტს. საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP) 2009 წლიდან ახორციელებს და მას ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს. შესაბამისად, დოკუმენტი ასახავს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც საქართველოს ნატოს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები