„დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გეგმავს
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მოქმედება დაგმეს და შეთანხმდნენ, რომ სანქციები მის წინააღმდეგ გაძლიერებული იქნება, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს. ამის შესახებ, „ბი-ბი-სის“ ცნობით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ სანქციების მოხსნა მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან არის დაკავშირებული და მზად ვართ, თუმცა ეს არ გვსურს, რომ სანქციები გავაძლიეროთ, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს. ამასთანავე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მინსკის შეთანხმებების საფუძველზე პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს“, – განაცხადა მერკელმა.
მანამდე მერკელი და აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეთანხმდნენ, რომ რუსეთს სანქციებს იქამდე არ მოუხსნიან, ვიდრე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სრულად არ შესრულდება.