ნიუ იორკის შტატის ციხიდან პატიმრებმა გაქცევა მოახერხეს
ნიუ იორკის შტატის მკაცრი რეჟიმის ციხიდან ორი პატიმარი გაიქცა, რომლებიც მკვლელობის ბრალდებით არიან მსჯავრდებულები.
უცხოური მედიის ინფორმაციით, პატიმრების გაუჩინარების შესახებ ციხის ადმინისტრაციამ დილის შემოწმების დროს შეიტყო. შტატის გუბერნატორმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაქცეული პატიმრების ფოტოები და ვინაობაც გამოაქვეყნა.
მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისი ორგანოები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ მოხვდა პატიმრების საკანში საჭირო ინსტრუმენტები.
გაქცეული პატიმრების ძებნის ოპერაციაში დაახლოებით 200 სამართალდამცველი მონაწილეობს.