პუტინი რუსეთთან დონბასის მიერთების ვარიანტებს ვერ ხედავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პოუტინი ვერ ხედავს რუსეთის შემადგენლობაში დონბასის შეყვანის შესაძლებლობას ყირიმის სცენარის მიხედვით. იტალიურ გამოცემა Corriere della Sere-თან ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ ამ რეგიონის მოსახლეობა დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოდის.
„ყირიმის სცენარი რუსეთის პოზიციასთან არ იყო დაკავშირებული, არამედ ყირიმში მცხოვრები ადამიანების პოზიციასთან“, – აცხადებს პუტინი.
მან ყირიმის საკითხი კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას შეადარა, სადაც საკითხი ასევე რეფერენდუმზე გადაწყდა. რაც შეეხება ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს, იქ რეფერენდუმი უკრაინისგან გამოყოფის და არა რუსეთთან მიერთების საკითხზე ჩატარდა.
რაც შეეხება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს, პუტინი უკრაინის ერთიანობის მომხრეებს ურჩევს, სეპარატისტებს კი არ ებრძოლონ, არამედ დაუმტკიცონ, რომ ერთიანი უკრაინის შემადგენლობაში მათი ცხოვრება უფრო კომფორტული და საიმედო იქნება. მიმდინარე წლის თებერვალში მინსკში გაფორმებულ შეთანხმებებს პუტინმა „სწორი და გააზრებული“ გზა უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სეპარატისტების მხრიდან მათი შესრულებისთვის ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები