კანადა „დიდ შვიდიანში“ რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია
„რუსეთი „დიდ შვიდიანში“ იქამდე არ დაბრუნდება, ვიდრე მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება. ეს განცხადება „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ოტავა სერიოზულად შეეწინააღმდეგება მოლაპარაკების მაგიდასთან ვლადიმერ პუტინის შესაძლო გამოჩენას. „რუსეთის დასაბრუნებლად კონსენსუსია აუცილებელი, მაგრამ ეს კონსენსუსი მიღწეული ვერ იქნება“, – განაცხადა პოლიტიკოსმა. G7-ის მომავალი სამიტი გერმანიაში 7-8 ივნისს გაიმართება. როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რუსეთის მონაწილეობით ეს შეხვედრები იქამდე არ გაიმართება, ვიდრე მოსკოვი დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პრინციპებს არ დაიცავს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეზღუდული ფორმატების არსებობა მათ ეფექტიანობას ამცირებს. კერძოდ, ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.