მალალა იუსუფზაიზე თავდასხმისთვის 10 დაკავებულიდან პატიმრობა მხოლოდ ორს მიუსაჯეს
პაკისტანის პოლიციამ განაცხადა, რომ ათიდან რვა პატიმარი, რომლებიც პაკისტანელ აქტივისტ მალალა იუსუფზაიზე თავდასხმაში იყვნენ ბრალდებულები, გათავისუფლებულები არიან. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სასამართლომ ათ ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა უფლებადამცველზე თავდასხმისთვის. თუმცა ახლა პოლიცია ამ ინფორმაციას უარყოფს. პოლიციის წარმომადგენლების თქმით, რვა დამნაშავე არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს. ყველა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 17 წლის მალალა იუსუფზაი პაკისტანელი გოგოების განათლების მხარდაჭერის კამპანიას აწარმოებდა. 2012 წელს ექსტრემისტი თალიბები მას თავს დაესხნენ. მალალაიმ თავში ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო და ის ოპერაციისთვის დიდ ბრიტანეთში გადაიყვანეს, სადაც საცხოვრებლად დარჩა. 2014 წლის დეკემბერში მალალა იუსუფზაიმ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.