ღამით პრორუსმა „ბოევიკებმა“ უკრაინული არმიის პოზიციები 40-ჯერ დაბომბეს
პრორუსმა „ბოევიკებმა“ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები 40-ჯერ დაბომბეს. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი იუწყება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა რჩება დონეცკის მიმართულებაზე. აქ „ბოევიკებმა“ რამდენიმე დასახლებული პუნქტის მიმართულებით არტილერიიდან და ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გახსნეს.
„რთული სიტუაცია შენარჩუნებულია ასევე მარინკის მიდამოებში, სადაც 3 ივნისს განსაკუთრებით მძიმე ბრძოლა გაიმართა. აქ უკრაინის ჯარის პოზიციებს ყუმბარმტყორცნებიდან ესროდნენ“, – იტყობინება პრესსამსახური.
მარიუპოლის მიმართულებით გრანიტნის დასახლებას 122- მილიმეტრიანი არტილერია ესროდა. გუშინვე დაფიქსირდა პრორუსი „ბოევიკების“ უპილოტო საფრენი აპარატების გააქტიურება. ღამის განმავლობაში მათი სადაზვერვო გაფრენა 30-ჯერ დაფიქსირდა.