ვორონეჟის ოლქში რუსულმა ბომბდამშენმა აეროდრომზე დაჯდომისას ავარია განიცადა
რუსეთის ქალაქ ვორონეჟთან, ბუტურლინოვკას სამხედრო აეროდრომზე ბომბდამშენმა „სუ-34“-მა ავარია განიცადა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ბომბდამშენი ასაფრენ ბილიკზე დაჯდომისას მის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა და ამობრუნდა. ინციდენტის შედეგად თვითმფრინავის ეკიპაჟი არ დაშავებულა. ავარიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. წინასწარი ვერსიით, დამუხრუჭების დროს თვითმფრინავს სპეციალური სამუხრუჭე პარაშუტი არ გაეხსნა და ბორბალი გაუსკდა. მიმდინარეობს შემთხვევის გამოძიება.
შეგახსნებთ, რომ დღესვე რუსულმა ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ ასტრახანის ოლქში კატასტროფა განიცადა. ამის მიზეზად სამხედრო თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ.