ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული: ცხოვრება მწყურია, ოცნება მქონდა, ციხიდან გამოვსულიყავი

ცხოვრება მწყურია, ოცნება მქონდა, ციხიდან გამოვსულიყავი – ეს განცხადება სასამართლო სხდომაზე ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ გააკეთა. ოქროპირიძე აცხადებს, რომ ლაშა მახარაძე მას არ მოუკლავს და უდანაშაულოა.
“ძლივს გამოვაღწიე ციხიდან, ჩემი ოცნება იყო, გამოვსულიყავი ციხიდან და ცხოვრება ამეწყო. ცხოვრება მწყურია, აზრი არ აქვს ჩემს ცხოვრებას ციხეში. ლაშა მახარაძესთან შეხება არ მქონია, არც გამიფუჭებია და დამიშავებია მისთვის არაფერი. იარაღი არ მდებია, რითი უნდა მომეკლა. „შორტებით“ ვიყავი შეყვარებულთან გასული ჩემს საქმეზე. საერთოდ არ გავდიოდი გარეთ, როგორ უნდა მენახა, ბებიაჩემს ვუვლიდი”, – მიმართა გიორგი ოქროპირიძემ ნაფიც მსაჯულებს.
ნაფიცი მსაჯულები დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას საქმესთან დაკავშირებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ოქროპირიძეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვები დაცვისა და ბრალდების მხარეებმა უკვე წარმოთქვეს. ბრალდების მხარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქმეში მთავარი მოწმის ვლადიმერ ბერძენიშვილის ჩვენების შესახებ. პროკურორმა ნაფიცი მსაჯულების წინაშე განაცხადა, რომ ვლადიმერ ბერძენიშვილმა დაინახა, თუ როგორ ესროლა გიორგი ოქროპირიძემ ლაშა მახარაძეს. რაც შეეხება გიორგი ოქროპირიძის ადვოკატს, მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გიორგი ოქროპირიძეს ლაშა მახარაძე არ მოუკლავს და ის მკვლელობის დროს სხვა ადგილზე იმყოფებოდა. ნაფიცი მსაჯულების წინაშე საუბრის დროს ოქროპირიძის ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმე არ არის გამოძიებული და მისი სრულყოფილი გამოძიება უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები