დიდი ბრიტანეთის სპორტის მინისტრი – ჩვენთან 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩასატარებლად ყველაფერი მზად არის
იმ შემთხვევაში, თუ 2018 და 2022 წლების ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატების ადგილის შერჩევის პროცესში კორუფციული გარიგებები გამოვლინდა, ამ გადაწყვეტილების გადასახედად და ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად სერიოზული საფუძველი გაჩნდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სპორტის, მედიის და კულტურის მინისტრმა ჯონ უიტინგდეილმა განაცხადა.
უიტინგდეილს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2022 წელს კატარში ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილება გადაიხედება, ის ევროპაში სავარაუდოდ არ ჩატარდება, მაგრამ თუ ასეთი რამე აუცილებელი გახდება, ინგლისში ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, აშშ-ს იუსტიციის ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ფიფაში კორუფციის ფაქტების გამოძიებას აწარმოებენ, რათა დაადგინოს, თუ რის საფუძველზე მიანიჭა ამ ორგანიზაციამ რუსეთს და კატარს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება. გამოძიებას შვეიცარიის სამართალდამცველი ორგანოებიც აწარმოებენ. რუსეთის და კატარის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ ქვეყნებისთვის 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების ჩატარების უფლების ჩამორთმევაზე საუბარი არ მიდის.