საგამოძიებო სამსახურმა ოთხი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინა

   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოთხი დანაშაულებრივი ფაქტი აღკვეთა. როგორც „კვირას“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმე ეხება სატყეო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ “ეროვნული სატყეო სააგენტოს” მცხეთა-მთიანეთის სატყეო უბნის ძეგვის სატყეოს ტყის მცველი ელდარ კვერცხიშვილი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ერთი კუბური მეტრი ნეკერჩხლის მოჭრის და ტყიდან დაუბრკოლებლად გატანისას, მის მიერ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების არგატარების სანაცვლოდ, მოქალაქეებისაგან ქრთამის სახით, 400 ლარი აიღო.
ამასთან, საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის რეინჯერი ელბაი ალიევი დააკავა, რომელმაც საგარეჯოს რაიონში არსებული მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე 2,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოქალაქისათვის სარგებლობაში გადაცემის და ამ მიწის ნაკვეთის სარგებლობისას სამსახურეობრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო თანხა 3 000 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცნენ იმერეთის სატყეო სამსახურის ბაღდათის სატყეო უბნის მცველი არჩილ გრძელიძე და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის – წაღვერის სატყეოს ტყის მცველი კობა მსრიანი.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 341-ე და 338-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები