„ფრანს – პრესი“ – უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში 3 ივნისის ბრძოლის შედეგად 24 ადამიანია დაღუპული
სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში 3 ივნისს მომხდარი ბრძოლების შედეგად. ასეთ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს – პრესი“ ავრცელებს. უკრაინის შეაიარაღებული ძალების სარდლობა აცხადებს, რომ პრორუსმა „ბოევიკებმა“ მასშტაბური შეტევა განახორციელეს დასახლებულ პუნქტ მარინკას მიმართულებით, რომელიც დონეცკიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ შეტევის მოგერიება შეძლეს. როგორც რეგიონში მყოფი ეუთოს დამკვირვებლები აცხადებენ, მათ ე.წ. დონესკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან 3 ივნისს დღისით დაკავშირება სცადეს, რათა ცეცხლის შეწყვეტა მოეთხოვათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.
თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ევროპელ დამკვირვებლებს აცნობეს, რომ ისინი იძულებულები იყვნენ, შეტევის მოსაგერიებლად საბრძოლო პოზიციებზე მძიმე ტექნიკა დაებრუნებინათ, რომელიც იქიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ გაიყვანეს. დღესვე უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დონბასში მდგომარეობის გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს და მათ კონტროლქვეშ მყოფ „ბოევიკებს“ დააკისრა. პოროშენკოს თქმით, 3 ივნისს უკრაინის არმიამ რუსეთის რეგულარული ჯარის შეტევა მოიგერია. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში 9 ათასამდე პროფესიონალი რუსი სამხედრო იმყოფება.