მაშველებმა იანძიზე ჩაძირული გემიდან 65 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
ჩინეთში, მდინარე იანძიზე ორშაბათს ჩაძირული სამგზავრო გემიდან „აღმოსავლეთის ვარსკვლავი“ მაშველებმა 65 მგზავრის და ეკიპაჟის წევრის ცხედარი ამოიყვანეს. ოთხშაბათს სპეციალისტებმა ამობრუნებული გემის გაჭრა დაიწყეს, რათა გემში დარჩენილი ცოცხალი ადამიანები აღმოეჩინათ.
მთლიანად კატასტროფის მომენტში ხომალდზე 456 ადამიანი იმყოფებოდა. 14 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, კიდევ 377 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. კატასტროფა მდინარე იანძიზე 1 ივნისს მოხდა. ლაინერი ქარბუქში მოხვდა და 1 წუთში ჩაიძირა. გემზე, ძირითადად, მოხუცი ადამიანები იმყოფებოდნენ.