ოფიციალური თბილისი არ აპირებს, სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის გამო უკრაინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს
ოფიციალური თბილისი არ აპირებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის გამო უკრაინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის მთავრობის სუვერენული უფლებაა, თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს. თავად მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას ბერუჩაშვილი არაადეკვატურს უწოდებს.
“რაოდენ დიდი არ უნდა იყოს რეფორმატორობის პროექტი, რაოდენ დიდი არ უნდა იყოს, ზოგადად, იდეა ე.წ. რეფორმების გატარებისა უკრაინაში, რომელიც ბოლო ინფორმაციის საფუძველზე ეჭვქვეშ არის და ამის თაობაზე ძალიან ბევრი გამოხმაურებები გვაქვს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე, ვთვლი, რომ ეს არაადეკვატური დამოკიდებულებაა ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.