“ჩვენი მიზანია, შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის სრული მზადყოფნაა – მზად ვართ ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც იქნებოდა არა ცარიელი სიტყვები, როგორიც ეს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ბევრჯერ აჩვენა, რომ ის რეგიონში აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორია.
„ჩვენი მიზანია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის სრული მზადყოფნაა. ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც იქნებოდა არა ცარიელი სიტყვები, როგორიც ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როდესაც ტკბილ სიტყვას გვეუბნებოდნენ, თითქოს სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით, მაგრამ საქმეზე ხდებოდა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ამერიკული დაფინანსების მიერ.
ზუსტად იმ თაღლითური სქემებით, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ამხილა. აშშ-მ გადახედოს წარსულს, იფიქროს მომავალზე, დაფიქრდნენ და ყველამ გაანალიზოს, ვართ თუ არა ჩვენ აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განმარტებით, სანქციები უსამართლოა და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ელემენტარულ გაგებასაც.
„რაც შეეხება ე.წ. სანქციებს, ის თავისთავად აპრიორია, უსამართლო, თვითნებური და ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქვეყნებს შორის თანაბარი ურთიერთობების გაგებას, არამედ ადამიანის უფლებების ელემენტარულ გაგებასაც კი. ამიტომ, ეს წინაპირობა კი არ არის, არამედ თავის თავადობაა, რომ ის, რაც არის თვითნებური და უსამართლო, ბუნებაში არ უნდა არსებობდეს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „აშშ-ში ელჩობის კანდიდატს [პარტია] არათუ განიხილავს, დასახელებულიც ჰყავს და პროცედურები მიდის. ვინაობას ვერ გეტყვით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.