დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბეს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გუშინ გამოაცხადა, რომ გამოძიება მისი დამფუძნებლის, კლაუს შვაბეს მიმართ, მამხილებლის წერილის შემდეგ დაიწყო, რომელიც ყოფილი თავმჯდომარის არასათანადო ქმედებას ამტკიცებდა.
Wall Street Journal-მა, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა გამოძიების შესახებ, თქვა, რომ შვაბეს წინააღმდეგ ბრალდება ანონიმური მოწმის წერილის საფუძველზე დაიწყო. წერილის ავტორი ამტკიცებს, რომ შვაბე და მისი ოჯახი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსებს და უძრავ ქონებას პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ.
მედიის ცნობით, შვაბების ოჯახის წარმომადგენელმა, მამხილებელთა საჩივარში ყველა ბრალდება უარყო. როგორც ცნობილია, კლაუს შვაბე აპირებს, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს მის წინააღმდეგ, ვინც ანონიმური წერილის უკან დგას და “ვინც ავრცელებს ამ სიცრუეს”.
განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც 87 წლის შვაბემ განაცხადა, რომ იგი თავმჯდომარის თანამდებობას მიზეზის დასახელების გარეშე ტოვებს.
როგორც გამოცემა წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლაუს შვაბეს წინააღმდეგ ბრალდებები გაჟღერდა. 2024 წელს მას სექსუალურ შევიწროებისა და შავკანიანი და ქალი თანამშრომლების დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ მსგავსი ფაქტების მტკიცებულება ვერ მოიპოვა.