საფრანგეთში ქურდობაში ეჭვმიტანილი 36 ქართველი დააკავეს
ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირისთვის საფრანგეთში 36 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ქალაქ ნანსის უწყებათშორისი სასამართლოს ვიცე-პროკურორმა გრეგორი ვეილმა განაცხადა. 11 ეჭვმიტანილი ლა-როშელში, 22 სტრასბურგში და სამი – ქალაქ ნიორეში დააკავეს. დაკავებაში 250 პოლიციელი და ჟანდარმერიის 120 თანამშრომელი მონაწილეობდა. „ყოველდღიურად ამ დანაშაულებრივი ქსელის ხელმძღვანელობით დიდი რაოდენობით ქურდობა ხდებოდა. ზუსტი ზარალის დათვლა საკმაოდ რთულია, მაგრამ საქმე ძალიან დიდ თანხებს ეხება“, – განაცხადა ვიცე-პროკურორმა. მისი თქმით, ამ საქმის ფარგლებში სხვა პირთა დაკავებაც იგეგმება. Le Parisien -ის ცნობით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან ასზე მეტ ძარცვაში და მაღაზიების ქურდობაში, რომლებიც, ძირითადად, სტრასბურგში და ლა-როშელში მოხდა.