თეა წულუკიანი: სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების სამართლებრივი შანსი ამოწურულია

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებით უკრაინიდან მისი ექსტრადირების სამართლებრივი შანსი ამოწურულია. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, უკრაინელებს უკრაინის კონსტიტუცია საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყანაში ექსტრადიციას უკრძალავს.
“24 საათის წინ დავბრუნდი კიევიდან. ჩემი თვალით ვნახე, რომ იქ წასულმა სააკაშვილის გუნდმა შედეგები ვერ დადო. რეფორმები მუდმივი მოლოდინის რეჟიმშია და უკრაინელი ხალხი, მედია სვამს კითხვას, როდის დადგება რეფორმების იმპლემენტაციის დრო. სერიოზული კითხვის ნიშნებია ამ ე.წ. ექსპერტების მიმართ. სააკაშვილის ოდესაში გადაგზავნა, ვნახე რა ადგილზე კონტექსტი, არის ერთადერთის მანიშნებელი – ის მოარიდეს კიევს, მოარიდეს რეფორმებს, რადგან ამის უნარი არ შესწევს.
მაქვს ეჭვი, რომ ოდესაში ის უკეთესს ვერაფერს გააკეთებს. ეს გაფრთხილება, თუ რჩევა მე მედიის საშუალებით უკრაინელ ხალხს ადგილზე მივეცი. რაც შეეხება მისი მოქალაქეობის საკითხს, ჩვენ მედიის საშუალებით და სხვადასხვა განცხადებებით შევიტყვეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ მისთვის საქართველო და საქართველოს მოქალაქეობა არის მთავარი, ეს მოქალაქეობა დატოვა და გუბერნატორის პოსტი ამჯობინა. სამართლებრივი პროცედურის მიხედვით ჩვენ ან ჩვენით უნდა გამოვითხოვოთ ავთენტური, დამოწმებული პრეზიდენტ პოროშენკოს აქტის ასლი, რომლის საფუძველზეც მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა დაიწყება, ფორმალურად დღეს სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ფაქტობრივად უკვე მოქალაქეობა აღარ ეკუთვნის, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. ან არის მეორე ვარიანტი, რომ თავად მოგვმართოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით და წარმოადგინოს დოკუმენტები.
ეს არ არის გრძელი პროცედურა. ყოველ შემთხვევაში მან, უკვე ყოფილმა მოქალაქემ არჩევანი გააკეთა. ახლა ფორმალობა უნდა გაფორმდეს – საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე გამოსცეს აქტი და წერტილი დაუსვას სააკაშვილის მოქალაქეობას. ამას აქვს მეორე მხარეც – უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკურ პროცესში ვერ იქნება ჩართული. სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინელებს უკრაინის კონსტიტუცია საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყანაში ექსტრადიციას უკრძალავს. რაკი მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, ჩვენთვის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის შანსი სამართლებრივად ამოწურულია”, – განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები