თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 34 წლის ვალერი ვარშალომიძეს დამნაშავემ ცეცხლსასროლი იარაღით სამჯერ ესროლა, იგი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კავკასიონის ქუჩაზე გამთენიისას მოხდა. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდების ჩხუბს იმ დროს შეესწრო, როდესაც ის სიგარეტის საყიდლად მაღაზიაში ჩავიდა.
ვალერი ვარშალომიძე ინციდენტში არ ჩარეულა, თუმცა მას ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ ესროლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი). გამოძიებას კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველო აწარმოებს.