თვითმფრინავს, რომელიც სინგაპურიდან ჩინეთში მიფრინავდა, ორივე ძრავა გაეთიშა
„სინგაპურის ავიახაზების“ ავიალაინერ Airbus A330-300-ს, რომელიც სინგაპურიდან ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიფრინავდა, ორივე ძრავი გაეთიშა. The Wall Street Journal-ის ცნობით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი 11 900 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. Business Insider-ის ინფორმაციით, ამ მოდელის ავიალაინერებზე ახალი ტიპის, Rolls-Royce Trent 700-ის ძრავებია დამონტაჟებული, რომლებიც თვითმფრინავებზე პირველად 2015 წლიდან გამოჩნდა. ძრავები იმ დროს გაითიშა, როდესაც თვითმფრინავი შტორმში იმყოფებოდა. ამის შემდეგ ერთი ძრავის ამუშავება პილოტებმა მალევე შეძლეს, ხოლო მეორე ძრავის დასაქოქად მათ თვითმფრინავის დაშვება დაიწყეს. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ავიალაინერმა კვლავ დაგეგმილი სიმაღლე აკრიფა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, შანხაიში ჩაფრენის შემდეგ ტექნიკოსებმა ძრავა შეამოწმეს, მაგრამ ტექნიკური პრობლემები ვერ აღმოაჩინეს.