შსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და უკანონო სახერხი საამქროები დალუქა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და უკანონო სახერხი საამქროები დალუქა. აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული მალხაზ ხ. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენების, ხე-ტყის ტრანსპორტირების მოთხოვნათა დარღვევის და ნორმატიული აქტით დადგენილი, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე, 1967 წელს დაბადებული რამაზ გ, 1961 წელს დაბადებული დავით გ, 1977 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1981 წელს დაბადებული ვასილ ბ, 1984 წელს დაბადებული გიორგი ბ. და 1990 წელს დაბადებული თეიმურაზ დ. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით ტყითსარგებლობის ფაქტზე, ხოლო 1984 წელს დაბადებული ალექსი თ. და 1966 წელს დაბადებული დავით ც. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ადიგენის რაიონის სოფელ მლაშესა და ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისში უკანონოდ მოჭრილი, სარეალიზაციოდ გამზადებული, წიწვოვანი ჯიშის, 21 ცალი, 3 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს.
ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში – თეიმურაზ დ-ს მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანიდან ამოღებულია უკანონოდ მოჭრილი, წიფლის ჯიშის 5 კუბ.მეტრი სამასალე მერქანი.
სამართალდამცველებმა ბორჯომის რაიონის სოფელ პატარა მიტარბში უკანონოდ მოპოვებული, წიწვოვანი ჯიშის, 4 მეტრი სიგრძის 8 მორი, ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში – ასევე უკანონოდ მოპოვებული, ნაძვის და ფიჭვის, 5 მეტრი სიგრძის 145 ცალი დახერხილი ფიცარი და დასახერხად გამზადებული 5 მეტრის სიგრძის 10 მორი, ხოლო ახალციხის რაიონის სოფელ ტატანისის მიმდებარე ტერიტორიიდან – უკანონოდ მოჭრილი, სარეალიზაციოდ გამზადებული, 35 ცალი ნაძვის და ფიჭვის ჯიშის სამასალე მერქანი ამოიღეს და უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს.
გამოძიება სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენების, ხე-ტყის ტრანსპორტირების მოთხოვნათა დარღვევის და ნორმატიული აქტით დადგენილი, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე პრიმა, 128-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის, 128-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).