გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში 795 მილიონი ადამიანი შიმშილობს
მსოფლიოში 795 მილიონი ადამიანი შიმშილობს, ან საკვებს არასაკმარისი რაოდენობით იღებს. ამაზე გაეროს ყოველწლიურ მოხსენებაშია საუბარი. დასკვნის მიხედვით, გასულ ათწლეულთან შედარებით მოშიმშილეთა რაოდენობა 167 მილიონით შემცირდა, ხოლო 1990 -1992 წლებთან შედარებით მან 216 მილიონით დაიკლო.
დასკვნაში მითითებულია, რომ კვების რაციონის გაუმჯობესების, ასევე სუფთა წყლით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
„ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მიხედვით, 2015 წლისთვის შიმშილში მყოფი ადამიანთა რიცხვი ორჯერ უნდა შემცირებულიყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. „ჩვენი მიზანი „ნულოვანი შიმშილის“ მიღწევა უნდა იყოს. ეს მიზანი იქნება ახალი პროგრამის ნაწილი, რომელიც წელს შემუშავდება“, – აცხადებს მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ჟოზე გრაციანუ და სილვა.
„იმისათვის, რომ შევქმნათ მსოფლიო, რომელიც შიმშილისგან და სიღარიბისგან თავისუფალია, განვითარებადი ქვეყნების სოფლის რაიონებში ინვესტირება ყველა სახელმწიფოს პოლიტიკური პრიორიტეტი უნდა გახდეს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა კანაიო ნუანზემ.