დიდ დიღომში გინეკოლოგი ლევან მაყაშვილი დაჭრეს
დიდ დიღომში ცნობილი გინეკოლოგი ლევან მაყაშვილი დაჭრეს, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შემთხვევა გუშინ გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირები მაყაშვილს თავს საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში დაესხნენ.
მეზობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, ექიმებმა მაყაშვილი ქირურგიის ინსტიტუტში გადაიყვანეს. დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.