ოთარ დანელია ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზესხოში იმყოფებოდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზესხოში იმყოფებოდა. სოფელი ზესხო სვანეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი სოფელია, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს და დღეისათვის ფაქტობრივად მთლიანად დაცლილია. ერთადერთი ადგილობრივი მკვიდრი, რომელიც სოფელს ზამთრშიც არ ტოვებს, ფრიდონ ქალდანია. მინისტრმა ფრიდონ ქალდანს საჩუქრად მოტობლოკის კომპლექტი გადასცა. აღნიშნული კომპლექტში მოტობლიკი, სათიბი, გუთანი, კულტივატორი, ხელის სათესი შედის და მაღალმთიან სოფლებში მიწის დამუშავებისთვის ტექნიკურად ყველაზე მოსახერხებელია.
„ბატონ ფრიდონს დავპირდით და დღეს ამოვუტანეთ მოტობლოკი.
ბატონი ფრიდონი გახლავთ გმირი, ერთადერთი ადამიანი მთელს სოფელში, რომელიც აქაურობას არ ტოვებს. გვინდა სტიმული მივცეთ სხვებს, გვინდა ხალხს შევუქმნათ პირობები და დავაბრუნოთ უკან, ულამაზეს და უძველს ქართულ სოფლებში. აქ ყოველი მეორე სახლი დაცარიელებული და მიტოვებულია. ჩვენ მაქსიმუმი უმდა გავაკეთოთ მთიანი რეგიონის ასაღორძინებლად”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
„აქ ყოველი კაცის მოსვლა ბედნიერებაა, სიხარულია აქ მაცხოვრებლისათვის. დღეს ბატონი სოფლის მეურნეობის მინისტრი მობრძანდა, საჩუქრით. ეს მოტობლოკი ძალიან შეამსუბუქებს შრომას. აქამდე ვამუშავებდი გუთნით, ხარებით. მადლობის მეტი რა მეთქმის. ისე ვღელავ, საუბარი მიჭირს… აქ არაფერი არ მოდის კარტოფილის გარდა. დღეს სათესლე კარტოფილიც მივიღე საჩუქრად. ერთადერთი კარტოფილია, რასაც ვაწარმოებთ და მისი რეალიზაცია გვასულდგმულებს“, – აღნიშნა მინისტრთან შეხვედრის დროს ფრიდონ ქალდანმა.
ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მაღალმთიანი სოფლების მკვიდრთა ხელშეწყობა პრიორიტეტია. ხელისუფლება სოფლის მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პროექტებზე მუშაობს.