თავდაცვის სამინისტრო აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მთავარ სერჟანტს მასპინძლობს

  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მთავარ სერჟანტს დეივიდ დევენპორტს შეხვდნენ. როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის მთავარ სერჟანტს დეივიდ დევენპორტს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი მასპინძლობს. სერჟანტი დევენპორტი და სერჟანტი კოპალიანი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა სერჟანტთა პროფესიული განათლების გაღრმავება იყო. შეხვედრაზე ასევე მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ევროპის არმიების მთავარი სერჟანტების დაგეგმილ კონფერენციაზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა ამერიკელ კოლეგას ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში” უმასპინძლა. დეივიდ დევენპორტმა ქართველი კოლეგებისგან ISAF-ის მისიისთვის 23-ე ბატალიონის მზადყოფნის შესახებ ბრიფინგს დაესწრო. ხვალ აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს მოინახულებს და სერჟანტთა მომზადების კურსებზე მიღების პროცესს დააკვირდება. გამგზავრებამდე სერჟანტი დევენპორტი გორში ISAF-ის მისიის დროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსაც მოინახულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები