ირმა შარიქაძის პროექტი „წერილები”კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში
20 მაისს, 14:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია ირმა შარიქაძის გამოფენასთან დაკავშირებით, რომელიც კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრშია დაგეგმილი. პრესკონფერენციას პროექტის ავტორთან, ირმა შარიქაძესთან ერთად, გაუძღვება კულტურის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ირმა შარიქაძის ცნობილ პროექტს „წერილები“ 27 მაისიდან 9 ივნისამდე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „M17” უმასპინძლებს. 2010 წელს, ფრიდა კალოსადმი მიძღვნილ საავტორო პროექტს „წერილები“, დიდი წარმატება ხვდა წილად მოსკოვში, გალერეაში „GMG“ და 2013 წელს სანქტ-პეტერბურგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში „ERARTA“.
პროექტი მოიცავს სხვადასხვა ზომის 18 ფოტო და ვიდეოარტს „ფრიდას სიზმარი“, ინსტალაციას „ფრიდა მარიცა“ და მწერალ მაკა გოგუაძის მიერ შექმნილ მისტიფიცირებულ მიმოწერას ფრიდასა და მის წარმოსახვით დას – მარიცას შორის. ფრიდას და მარიცას როლს ცნობილი მოდელი კრისტი ყიფშიძე ასრულებს. პროექტში გამოყენებულია სოფო გონგლიაშვილის ემალის უნიკალური სამკაულები. გამოფენის ექსპონატების უმრავლესობა მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა და კერძო კოლექციონერებმა შეიძინეს.