საქართველოს ერონული მუზეუმის ინიციატივით, ყოველ მაისს „ნიკო ფიროსმანის დღე“ აღინიშნება
20 მაისს 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში „ფიროსმანის დღე“ მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართება. „ფიროსმანის დღე“ წარმოადგენს სახალხო და, ამავე დროს, საერთაშორისო საზეიმო სიმბოლურ აქციას, რომელიც გათვალისწინებულია ყველა ასაკის სტუმრისათვის.
გალერეაში მოსულ სტუმრებს ფიროსმანის „გაცოცხლებული“ პერსონაჟები უმასპინძლებენ. ბავშვებისა და მოზარდებისათვის გაიმართება შემეცნებით-სახალისო აქტივობები, სადაც ისინი დახატავენ ფიროსმანის ტილოების მიხედვით, ააწყობენ ფაზლებსა და გააცოცხლებენ მხატვრის პერსონაჟებს.
„ფიროსმანის დღეს“ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები და საქართველოს რეგიონები გამოეხმაურნენ; ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება მათ მიერ გამოგზავნილი მისალოცი ვიდეორგოლები. „ფიროსმანის დღის“ მთავარი დამაგვირგვინებელი ღონისძიება იქნება ასობით წითელი საჰაერო ბუშტის ცაში ერთდროულად გაშვება. ღონისძიება საჯარო ხასიათისაა და მოწვეული სტუმრების გარდა დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალი იქნება.